ნათია თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ „რიონის მცველებს", როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში, „ნამახვანჰესის" პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე. მინისტრის კომენტარს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას მართავენ. პირველი შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში მიმდინარეობს.

თურნავას განცხადებით, ხალხთან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი, შეხვედრების გამართვა და მეტი განმარტება.

„ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებული პოლიტიკურად, არ აქვთ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგი და მე გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან „რიონის მცველები", ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის მოინახება შეთანხმების კონსტრუქციული პლატფორმა", - განაცხადა მინისტრმა.