პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ბევრი ეთანხმება პლებისციტის ჩატარებას და ეს მშვიდობიანი და სწორი გამოსავალია.
„სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას. მინდა გითხრათ, რომ ბევრი ეთანხმება პლებისციტის ჩატარებას, ეს არის შექმნილი მდგომარეობიდან მშვიდობიანი და სწორი გამოსავალი. ვეკითხებით ხალხს, რისკის ქვეშ კი არ ვაყენებთ. ახლა ნარატივი რომ აქვთ, ვიდრე ოპოზიცია არ მოიგებს, მანამ უნდა ვატაროთ არჩევნებიო?! არა ბატონებო, თუ ამომრჩეველი იტყვის, რომ არ გვჭირდება არჩევნები და კარგად ვცხოვრობთო, მაშინ ამ სისტემაში დავრჩებით. ლაპარაკია ერთი ფურცლის, ერთი ბიულეტენის დამატებაზე, ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებზე და ამომრჩეველს ვკითხოთ, გვინდა თუ არა გადატვირთვა და დემოკრატიულ სისტემაზე, სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. თუ ამომრჩეველი დაეთანხმება, მაშინ ის ჩატარდება 2022 წელს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
იქამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.