მოლოდინი, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა დაიწყება და ასოცირების სხდომამდე, რომელიც ბრიუსელში 16 მარტს გაიმართება ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებას მოახერხებს, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს არ აქვს. მისი თქმით, ევროპელი სტუმრის თვითმფრინავი ჰაერში არ იყო აფრენილი, რომ ოპოზიცია ქუჩაში გამოვარდა და საპროტესტო აქციებს მართავს.
„ჩემი აზრით, ეს ევროპული მიდგომა, როგორც ელჩების, ისე სტუმრების, არის ზედაპირული და უჭირთ სიღრმეებში შესვლა - რატომ ხდება რაც ხდება. ალბათ იმიტომ, რომ არ იციან მიზეზი. არადა მკურნალობა ისე, რომ არ იცოდე სიმპტომები, განკურნება გაგიჭირდება. მხოლოდ თქმა -დაჯექით და მოილაპარაკეთო... ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მოლაპარაკებად არ გადაიქცევა.
„რა მოლაპარკებაზეა საუბარი მაშინ, როცა სტუმრის თვითმფრინავი ჰაერში არ იყო აფრენილი, რომ ოპოზიცია ქუჩაში გამოვარდა და საპროტესტო აქციები დაიწყო. ამ მოვლენების უკან მხოლოდ დესტაბილიზაციის სურვილი მესახება, ქუჩის ტრიალი უნდა ოპოზიციის დიდ ნაწილს.
„ასე რომ, ორკვირიან ვადაში ბრიუსელის შეხვედრამდე ვერ მოილაპარაკებენ, თუ ოპოზიციამ გამოკრისტალება არ დაიწყო. ანუ თავად ოპოზიციის რაღაც ნაწილმა არ ჩათვალა, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია და შეძლებს ბულინგს თავი დააღწიოს.
„მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე მწიფდება. ვერ გეტყვით, რომელიც პარტიები წავლენ ამ გზით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღმოჩნდნენ ასეთები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.