თენგიზ ცერცვაძე: თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე

თენგიზ ცერცვაძე: თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე

ის, რომ ყველამ დაიწყო ვაქცინაცია, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების ნათქვამი. ვაქცინაცია 200-ზე მეტი ქვეყნიდან 103-მა დაიწყო. მათმა დიდმა უმეტესობამ - რუსული და ჩინური ვაქცინით და მხოლოდ მცირე ნაწილმა - ამერიკულ-გერმანული ვაქცინებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ყველაზე აქტუალური ბოლო დღეებში არის ვაქცინის საკითხი. ის, რომ შეპირებულ ვადებთან შედარებით შემოტანამ გადაიწია და ვისი პასუხისმგებლობაა ეს, ასე არ უნდა ვაყენებდეთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტი აწუხებს მთელს მსოფლიოს. საქართველოს გარდა არა ერთ ქვეყანას დააკლდა ვაქცინა და დაირღვა მიწოდების ვადები. ის, რომ ყველამ დაიწყო ვაქცინაცია, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების ნათქვამი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია 200-ზე მეტი ქვეყნიდან 103-მა დაიწყო. მათმა დიდმა უმეტესობამ - რუსული და ჩინური ვაქცინით და მხოლოდ მცირე ნაწილმა - ამერიკულ-გერმანული ვაქცინებით.

„ცხადია, მეც ძალიან შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, ვინაიდან გვაქვს კარგი შედეგები და ეს უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ სიმართლე ასეთია. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რადგან ის არც ნდობას იმსახურებს და თან პოლიტიკურად მიუღებელია - კარგიც რომ იყოს მაინც უარს იტყვის საქართველო, მაგრამ ჩინური ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით დიდი ხნის წინ ჩინური ვაქცინის შესაძენად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი იყო, ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა და რიგმა ექიმებმა გაგვაკრიტიკეს - მოვუსმინეთ და არ შემოგვაქვს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყეს. ამას დანაშაულად გვითვლიან, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს და ჩვენ ვერ დავიწყეთ. სიმართლე ის არის, რომ მათ დაიწყეს ჩინური ვაქცინით. ახლა ავირჩიოთ - თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

Lolo47 სხვანაირად აჭიკჭიკდით ბოლო ორი კვირაა, აი? თქვენღა გაკლდათ ხალხის დაბოლება.
თურმე, რა გადამდები ყოფილა ცუდი ზნე .
4 წლის უკან