ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები, - ამის შესახებ გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრი პოლიტიკურ აქტორს ემოციების გვერდზე გადადებისკენ და რეალური საკითხების განხილვისკენ მოუწოდებს.
„ახლა ემოციები, ნერვები გადადოს ყველამ გვერდზე, ერთმანეთის მოწონება-არმოწონება ასევე უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ. რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და ამ დღის წესრიგში შედის 6 საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადაო და სადისკუსიო არის სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, - აღნიშნა უგულავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყოველთვის კონსტრუქციულად მოქმედებდა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ნიკა მელიას დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
„კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, იმიტომ რომ ჩვენ რომ გაგვეწია, იქ უბედურება მოხდებოდა. და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიცია ამაზე წამსვლელი იყო. ამაზე ამაზე მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება. თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ რეალურად უნდათ პოლიტიკური კრიზისი დაძლევა და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე“, - განაცხადა უგულავამ.
"მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას... ნიკა მელიას დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია."
არა, კაცო, რა წინააღმდეგობა!..ნახევარი საათი რომ ეძალავებოდით და მერე რაღაც საგნებს რომ ესროდით პოლიციას, განა ეს წინააღმდეგობა იყო?!.
წინააღმდეგობა რომ გაგეწიათ და ხატია დეკანოიძესაც რომ აესრულებინა წინასწარი მუქარა თავისი ფიზიკური ჩართულობის შესახებ, დღეს სპეცნაზი თავიდან იქნებოდა დასაკომპლექტებელი!.. მადლობა, რომ ასეთი დილემის წინაშე არ დააყენეთ სახელმწიფო!
(რაც ჩვენ ვიდეოზე ვიხილეთ, ეს სულ თამაზაშვილის დაკვეთით იყო დადგმული, როგორც ციხის კადრები და მერე ჩაამონტაჟეს! - განა არ ვიცით!)