გუშინდელ შეხვედრაზე, მედიაციის უმაღლესმა დონემ, ევროკავშირის ჩართულობით დაამტკიცა ის რომ ჩვენი საერთაშორიო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე მედიას განუცხადა.
„ეს კონკრეტული შედეგებია, პირველ რიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრები ნიკა მელია, გიორგი რურუა და ის საკითხები, რომლებიც იყო ჩარჩო შეთანხმებაში. ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას და ის რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა ღარიბაშვილს, არაა იმის ადეკვატური, რა მოლოდინიც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც აზიანებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არამედ ქვეყანას და რა თქმა უნდა, ეს არაა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილია ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლება და ჩართვა მოლაპარაკების პროცესში. „ასევე უნდა გათავისუფლდეს ნიკა რურუა და ვადამდელ არჩევნებზე უნდა დავიწყოთ საუბარი“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. პოლიტიკური პარტიების ლიდერების განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ, გუშინ გამართული მოლაპარაკება და ის ორკვირიანი ვადაა, რომელიც მხარეებს შეთანხმებისთვის აქვთ.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ