თუ ორი კვირის თავზე რამე პროგრესი არ იქნება, ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან.
მისი თქმით, შეხვედრაზე იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, არის სიახლეები.
„ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ორ კვირაში ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია - ჩავა ხელცარიელი თუ მივა იქ რაღაცით. თუ ორი კვირის თავზე რამე პროგრესი არ იქნება, ეს კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. პოლიტიკური პარტიების ლიდერების განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ, გუშინ გამართული მოლაპარაკება და ის ორკვირიანი ვადაა, რომელიც მხარეებს შეთანხმებისთვის აქვთ.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.