ერთ საღამოს ვიკრიბებით და ვსაუბრობთ დიალოგზე და დილით აწყობენ პიკეტს და ცდილობენ პროვოკაციას, ეს ამ პროცესს არ წაადგება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისფულება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიალოგის რესურსი იყოს, თუ შემხვედრი პოზიციაც იქნება კონსტრუქციული და არა ისეთი, როგორც პროვოკაციებისა და პიკეტის სახით დღეს არის.
„მე ვისურვებდი, რომ გამოინახოს ბევრი საკითხი, რომელზეც შევაჯერებთ პოზიციას, მაგრამ ადეკვატური, შემხვედრი პოზიცია უნდა მომდინარეობდეს ოპოზიციის მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, იმ ჯგუფების მხრიდან მაინც, ვინც რადიკალიზაციას არ ემხრობა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგის რესურსი იყოს, თუ შემხვედრი პოზიციაც იქნება კონსტრუქციული და არა ისეთი, რასაც დღეს ყველა ვხედავდით პროვოკაციების და პიკეტის სახით, რომელიც ხელს უშლის ერთი მხრივ დიალოგს, არ წაადგება დემოკრატიულ პროცესებს და ამით ცდილობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა ვისაუბროთ, საღამოს არ უნდა მეუბნებოდე, რომ მზად ვართ საუბრისთვის და დილით არ უნდა აწყობდე პიკეტირებას, პროვოკაციებს, ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია იმართება.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.