მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი შემოსვლა პარლამენტში და 2024 წლამდე მონაწილეობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, ოპოზიციასთან გუშინ საღამოს შედგა ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი, რომელიც მოლაპარაკების ახალი ეტაპის გახსნას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას შეეხებოდა. მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი შემოსვლა პარლამენტში და 2024 წლამდე მონაწილეობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ასევე პასუხისმგებლობის გაზიარება აღნიშნულ საკითხებზე.
გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია, რომელიც ახმოვანებდა გარკვეულ მესიჯებს, თუმცა დღეს უკვე საზოგადოებამ გაიგო, რომ წარმოდგენილი იყო კომპილაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტი, სადაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დადებული გარკვეული საკითხები იყო ჩაწერილი, თუმცა კონკრეტული შეთანხმება და, მით უმეტეს, ხელმოწერა რაიმე დოკუმენტზე ან საკითხზე, არ ყოფილა. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებათა ახალი ეტაპის გახსნაზე.
გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ამ მოკლე პერიოდში, მათ უკვე შეძლეს ერთი მთავარი პირობის დარღვევა, ასე დავარქვათ, კონსტრუქციულობის შესახებ. ვხედავთ, რომ აქვთ პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ჩვენს ოპონენტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად, დღეს არ არიან მზად მოლაპარაკებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და მისი მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა და ამ პროცესმა, პირველ რიგში, არ დააზიანოს მოლაპარაკების საბოლოო შედეგი და სახელმწიფოებრივი ინტერესები.
მოლაპარაკების პროცესში აგრეთვე უნდა ჩამოყალიბდეს იმ საკითხთა ნუსხა, რომელზეც შეიძლება შეთანხმება რეალურად შედგეს. გუშინდელი დღის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლისგან რამე სახის კომპრომისული წინადადება, თუნდაც ერთი გადმოდგმული ნაბიჯი საერთო კონსესუსის მისაღწევად, არ გვინახავს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათ პოზიციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, იქ იყო საკითხები, რაც უკვე აღსრულების და შესრულების პროცესშია. იქ, ასევე, არის მითითებული საკითხები, რომლებზეც შეუძლებელია შეთანხმება და არის საკითხები, რომლებზეც, რა თქმა უნდა, მსჯელობა შეიძლება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლაპარაკებათა ახალ ეტაპზე და ყველა მხარეს გვმართებს კონსტრუქციულობა და მუშაობა საინტერესოდ, ნაბიჯების გადადგმა საინტერესოდ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეტაპი დასრულდეს კონკრეტული პოზიტიური შედეგით პირველ რიგში ქვეყნისათვის და არა რომელიმე პარტიისათვის. პარტიებმა უნდა გადადგან პოზიციების დასაახლოებლად ერთმანეთისკენ ნაბიჯები. ამ პროცესში ველოდებით მათ წინადადებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.