მამუკა მდინარაძე: შეთანხმება შედგა მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტზე საუბარი საერთოდ არ იქნება

მამუკა მდინარაძე: შეთანხმება შედგა მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტზე საუბარი საერთოდ არ იქნება

გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არის საკითხები, რომლებზეც საუბარი საერთოდ არ იქნება, მაგალითად - რიგგარეშე არჩევნები და პლებისციტი.

„ინფორმაციული თვალსაზრისით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ კომპილაციური დოკუმენტის საფუძველზე მსჯელობას დავიწყებთ. აქ არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთა უმრავლესობა ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან. ამ საკითხების შეკრება და წარმოდგენა მოხდა, რომ ნათელი იყოს, რა მოთხოვნებს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა. შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, ეს ძალით გახარებული ოპოზიცია, რომელიც გამოდიოდა, რაღაცას გვიყვებოდა და ამ დოკუმენტზეც აპელირებდნენ. სხვათა შორის, იქ შეთანხმება იმაზეც იყო, რომ მსგავსი დოკუმენტის ან სიღრმისეული მსჯელობის შესახებ ინფორმაცია არ გამოსულიყო. ასეთი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან იყო საორგანიზაციო ზოგად საკითხებზე, იმაზე, რომ უნდა განახლდეს მოლაპარაკებები, მაგრამ არ ყოფილა დეტალურად რომელიმე საკითხზე, მათ შორის არც მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, სპეკულაციური იქნება ჩვენი მხრიდანაც, რომ რაღაც დეტალებს ჩავყვეთ, რომელიც კომპილაციურ, ხელმოუწერელ დოკუმენტშია ჩაწერილი. აქედან რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის უკვე იქ საკითხები, რომლებზეც არის მზაობა, უკვე ქმედითი არის საკითხები, რომლებზეც საერთოდ საუბარი არ იქნება მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელი რამეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.