ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება ამ შეხვედრით ფაქტიურად დაადასტურა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდა.
„ამავე დროს რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ რაც შეეხება დემოკრატიული პროცესის აღდგენას ქვეყანაში. დღეს მთავრი შედეგი არის, რომ განვაახლეთ უკვე სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი. რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, აჩვენებს დრო.
საჯარო პროტესტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრ საკითხს უკავშირდება: პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პროცესებს და ბევრ სხვა პრობლემას. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს საჯარო პროტესტი იმ შესაძლო შედეგებთან რა შეიძლება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართულმა დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა მოიტანოს.
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, პროტესტი იქნება არ იქნება-მივიღებთ მონაწილეობას პიკეტში თუ არ მივიღებთ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ჩვენ ამავე დროს არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა.