გიორგი ვაშაძე: თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა

გიორგი ვაშაძე: თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი და დაანონსებული პიკეტირება გაგრძელდება. როგორც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროცესი შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზაა.

„პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ამ პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაჩერებთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროკავშირის უშუალო მოდერაციით მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს.

„თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შეხვედრა იმისთვის არ იყო, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია, ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, მზად არიან თუ არა მხარეები ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და ფასილიტაციით, გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის ეს ორი საკითხია მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მათ სათქმელი ექნებათ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც, რადგან ეს საკითხი საუბრის პროცესში განიხილება. წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავ, ასე არ არის. ყველაფერს განვიხილავთ და ყველა საკითხზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება პლებისციტს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ შეხვედრაზე არ გვისაუბრია. ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან უკვე იყო წარდგენილი ეს საკითხი. სამწუხაროდ, ამაზეც უარი მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღეს არის სხვა გარემოება, სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს“,-განაცხადა ვაშაძემ.