გიორგი ვაშაძე შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: იყო თხოვნა, რომ ვიყოთ კომპრომისულები

გიორგი ვაშაძე შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: იყო თხოვნა, რომ ვიყოთ კომპრომისულები

ორი დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდები, რომ შეთანხმება იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება მარტის ბოლომდე. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს კომპომისის მოძებნისკენ მოუწოდა.

„ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის მაგალითი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით, ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს. აქედან გამომდინარე, შევხედოთ, რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მიშელმა განაცხადა რომ მზად არის უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მძიმე პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვაში.

შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.