მამუკა ხაზარაძე: ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში

მამუკა ხაზარაძე: ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში

ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ გავაგრძელოთ, რიგგარეშე არჩევნებია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრა საინტერესო იყო.

„მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, ავუხსენით შექმნილი ვითარება, თავადაც ინფორმირებული იყო. ბუნებრივია, მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ბატონი შარლი და ევროკავშირი საქართველოს უწევს. ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგი. პირადად მე ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისში. ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ გავაგრძელოთ, არის რიგგარეშე არჩევნები და სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ რიგგარეშე არჩევნების. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, შეიძლება გადიოდეს პირდაპირ დანიშვნაზე და რა თქმა უნდა, ხაზი იყო გასმული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს პოლიტიკური საქმეების იარაღად გამოყენება ოპონენტების მიმართ. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა სიტუაცია განეიტრალდეს.