გიგა ბოკერია: მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციისგან მოისმინა როგორც დეტალები, ისე არგუმენტები

გიგა ბოკერია: მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციისგან მოისმინა როგორც დეტალები, ისე არგუმენტები

მნიშვნელოვანი იყო, რომ მან მოისმინა როგორც დეტალები, ისე არგუმენტები ოპოზიციის მხრიდან. მის ნაცვლად არ ვისაუბრებ, ის თავის გზავნილს თვითონ იტყვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შარლ მიშელის ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-თან ერთად არის ევროკავშირი და ამ რანგის თანამდებობის პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან მოესმინა ერთი გზავნილი - კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური დევნა შეწყდება და შესაძლებელი იქნება დასხდომა და საუბარი, როგორ მივდივართ ვადამდელ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებამდე.

ერთადერთი, რაც შემიძლია დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე ვთქვა, თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირის ყურადღება ეპიზოდური იყო და გადაივლის, ეს ასე არ არის და ეს ვიზიტი ამის დასტურია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა სიტუაცია განეიტრალდეს.