„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხვალ ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირება მოხდება, თუმცა არ იქნება ბლოკირება.
როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა თავისუფლად შეეძლებათ.
„ამ საკითხზე იმსჯელა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არ მოხდება, ხაზს ვუსვამ, არ მოხდება პარლამენტის შენობის ბლოკირება. ნებისმიერ პარლამენტარს შეეძლება, თავისუფლად შევიდეს პარლამენტის შენობაში. ეს გუშინ ყველა პარტიის წარმომადგენელმა დააფიქსირა ერთხმად“, – განაცხადა მინაშვილმა.
ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე განაცხადა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ. მათი ინფორმაციით, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან. ოპოზიციამ პიკეტი ხვალ, დილით პარლამენტის შენობასთან უკვე დააანონსა.