„კოვაქსისგან“ მიღებული წერილით, ვაქცინის შემოტანის გადავადების მიზეზად ცალსახადაა მითითებული Pfizer-ის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას

„კოვაქსისგან“ მიღებული წერილით, ვაქცინის შემოტანის გადავადების მიზეზად ცალსახადაა მითითებული Pfizer-ის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ქვეყნის მზაობის არარსებობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები ვაქცინის მისაღებად. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ „კოვაქსს“ და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებისთვის, რომელიც გაჟღერდა „ინტერპრესნიუსის“ მიერ. იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული „კოვაქსისგან“ და ესაა 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი ცალსახადაა მითითებული. ესაა Pfizer-ის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას. ქვეყნის მზაობა შეფასებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, „კოვაქსის“ ექსპერტების მიერ და არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა Pfizer-ის ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები Pfizer-ისგან, რასაც სჭირდება დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს პირდაპირ კომუნიკაციას „კოვაქსის“ საშუალებით, სადაც ჩართულია Pfizer-იც. ესაა სამმხრივი კომეუნიკაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო წარმართავს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან განმარტა ის დეტალები, რომელიც „კოვაქს-პლატფორმისგან“ 22 თებერვალს გამოგზავნილ წერილში იყო მითითებული.

„წერილში მკაფიოდაა მითითებული, რომ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში, „კოვაქსის“ პლატფორმას ჰქონდა აქტიური კონსულტაციები Pfizer-თან, იმის გამო, რომ Pfizer-მა დააყენა დამატებითი მოთხოვნები - პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ვიდრე Pfizer-ი არ გადაჭრის ამ თემას, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ვაქცინის მოწოდება გადავადდება. საუბარია 2 ან 3 კვირით გადავადებაზე. მეტი ხნით გადავადებაზე არც „კოვაქსი“ და არც Pfizer-ი არ საუბრობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.