„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი კერძო სკოლებსა და მშობლებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ეხება. როგორც ვნახე, კრიტიკული განწყობა ყოფილა პროექტის მიმართ, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.
მისი განმარტებით, ეს ცვლილება ბავშვების უფლებებს აძლიერებს.
„მუხლსაც კი ასე ჰქვია: „კერძო სკოლის უფლება-მოვალეობა მოსწავლის მიმართ". კერძოდ: მკაფიოდ გაიწერა სწავლის საფასურის დავალიანების შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაიყვანოს მოსწავლე და უზრუნველყოს მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული სასკოლო განათლების მიცემა. მკაცრად დარეგულირდა კერძო სკოლის ვალდებულება მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს მოსწავლის დოკუმენტაცია. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს. ეს პრობლემა ბევრ მშობელს ექმნებოდა. აქვე ცვლილების ტექსტი: მუხლი 33-2. კერძო სკოლის უფლება-მოვალეობა მოსწავლის მიმართ:
1. კერძო სკოლა უფლებამოსილია, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.
2. კერძო სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
3. კერძო სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შეუსრულებლობა არის კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.