გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ტყუილები უკვე გამოკვეთილია სასამართლო პროცესებზე, არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან, არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეპიზოდში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავეა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში. ყაზარაშვილის თქმით, სწორედ მათ სცემეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს.
დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულები და ადვოკატები ტყუიან და სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დროს მათი არაერთი ტყუილი გამოიკვეთა.
„წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ამ ხუთივე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა და ამაში ეჭვი დღეის მდგომარეობით, ჩემი აზრით, დაცვის მხარესაც აღარ ეპარება. რაც შეეხება მათ პოზიციას, რაც დღეს უნდა მოვისმინოთ, ვფიქრობ, დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს და მათი სიტყვები, რაც აქამდე გვესმოდა, არ იყო არანაირად დასაბუთებული. ბრალდებულები დაკითხვის შედეგად სიცრუეშიც გამოვიჭირეთ, ასე ვთქვათ, თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა ყველა იმ ტყუილს, რასაც სასამართლო პროცესებზე ამბობდნენ. მათი ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი. ასევე, არჩილ გაგნიძე და ნიკა რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს Google map-ში დამახსოვრებული იყო მათი გადაადგილების შესaხებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მათ არ ჰქონდათ ჩართული ინტერნეტი, შესაბამისად, არც ერთ მათგანს ეს Google map-ის პროგრამა არ ჰქონდა გააქტიურებული.
ბრალდებულებმა, ყველამ, ასე ვთქვათ, ნიკა რევაზიშვილს ათქმევინეს თავიანთი სათქმელი. თუმცა რევაზიშვილმაც ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი. ის ცრუობდა თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება მათ საბოლოო სიტყვას, მათ ჩვენება არ მისცეს სასამართლოში, ისინი აირეოდნენ თავის ტყუილებში, როგორ ნიკა რევაზიშვილი. ვერ მიიტანდნენ სასამართლომდე ელემენტარულ თავის სათქმელსაც. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როდესაც კითხვა არ დაისმევა, მათ შორის კრიტიკული კითხვები, და ამ პირობებში უფრო მეტ ტყუილს ეტყვიან სასამართლოს. თუმცა, მათი ეს ტყუილები უკვე გამოკვეთილია სასამართლო პროცესებზე და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან",- განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. როგორც ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს.