რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ხალხმრავალი საპროტესტო აქციების მოწყობას - ექსპერტების შეფასება რუსთაველი

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ხალხმრავალი საპროტესტო აქციების მოწყობას - ექსპერტების შეფასება რუსთაველი

ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა „იმედის კვირას“ თავისი მოსაზრებები გაუზიარეს იმის თაობაზე თუ რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია საპროტესტო აქციებზე მოსახლეობის დიდი რაოდენობის შეკრებას.

„ხალხი ქუჩაში არ გამოდის და რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი არის, რომ (ოპოზიციამ) ხალხისგან მიიღო მანდატი პარლამენტში შესასვლელად და იმისთვის, რომ ეს 60 დეპუტატი შევიდეს პარლამენტში და გვაჩვენონ რა იდეები აქვთ ეკონომიკაში, რა იდეები აქვთ სოციალურ პოლიტიკაში, თუნდაც იგივე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რა შეიძლება უფრო ეფექტიანად განხორციელდეს იმისთვის, რომ საქართველოს უფრო მეტი ინტეგრირება მოხდეს დასავლეთში“, - მიიჩნევს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

„ჯეოქესის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი კი აღნიშნავს, რომ ქუჩის დემოკრატია ბოლო ეტაპზეა.

„როდესაც შენ ხარ პოლიტიკური პროცესის თანამონაწილე, მიუხედავად იმისა ხელისუფალი ხარ თუ ოპოზიცია, პრაქტიკულად ამ პროცესის თანმიმდევრობაზე, მის მდგრადობაზე და პასუხისმგებლიან წარმართვაზე თანაბარი უფლებამოვალეობები გეკისრება. აქ უკვე მიჯნა ხელისუფალსა და ოპოზიციას შრის გარკვეულწილად იშლება. ქუჩის დემოკრატია ითვლის ალბათ მის ბოლო ეტაპს და ალბათ ეს არის ყველაზე უტყუარი მანიშნებელი, რომ ქართლი პოლიტიკური სისტემა, ქართული დემოკრატია, ჯერ კიდევ მყიფე, ჯერ კიდევ მზარდი, ახალ საფეხურზე გადის“, - აცხადებს ყიფიანი.

ოპოზიციის გეგმებისა და საზოგადოების საჭიროებების აცდენაზე საუბრობს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანიც.

„საზოგადოებას არ აქვს საპროტესტო მუხტი, რაც დასტურდება იმით, რომ საზოგადოება არ იღებს იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციონერი ლიდერები აანონსებენ ტრიბუნებიდან, თორემ საქმე იმაში არ არის, რომ საზოგადოებას გარეთ გამოსვლა ეზარება, ან ეშინია, ან არ უნდა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ არ იზიარებენ იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციის ლიდერები სთავაზობენ, თორემ იყო დრო, როდესაც საპროტესტო მუხტი ქვეყანაში მართლა არსებობდა და მილიონი ქართველი ახსოვს რუსთაველის გამზირს“, - აღნიშნავს გვიდიანი.