ბოლო დღეებში წამოსული კრიტიკა სრულიად გასაგებია, რადგან ოპოზიციური პარტიის ფორმალური ლიდერის დაკავება და ციხეში ჩასმა ნებისმიერ სახელმწიფოში ცუდად აღიქმება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ხელაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი აზრით, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა როგორც მმართველმა გუნდმა, ისე ოპოზიციამ უნდა აიღოს.
„თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოში რამე ცუდი მოხდება და მერე მთავრობას გადააყენებენ, ეს ასე არ არის. ჩვენ ამას [პასუხისმგებლობას] ვინაწილებთ. რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, ყველა ეტაპზე, როდესაც ხდებოდა დაპირისპირება და ის ცუდად მთავრდებოდა, დღევანდელი გადასახედიდან, ხალხი არ აბრალებს რომელიმე მხარეს. ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას“, - განაცხადა ხელაშვილმა.