ქუთაისში, ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება რიონის ხეობის დატბორვა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ამიტომ, ისინი მშენებლობისთვის გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ქუთაისის ცენტრში შეკრება არ არის პოლიტიკური ხასიათის, იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ. აქციას მხარდაჭერას უცხადებს მესამე სექტორი და ცალკეული ოპოზიცური პარტიები.
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, ტრადიციულად, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მიიჩნევს, რომ ჰესი ქვეყანაში არ უნდა აშენდეს. საკუთარი ნათქვამის უფრო მეტი არგუმენტაციისთვის, სააკაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნების შენარჩუნებაა.
მიხეილ სააკაშვილი განცხადებების საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით რომ აკეთებს, ამაში არქივიც გვარწმუნებს. ამის ნათელი მაგალითია ჯერ კიდევ 2012 წელს, დარიალის ხეობაში, მის მირ გაკეთებული განცხადება, როცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ქვეყანაში ჰესების მშენებლობის უპირატესობაზე საუბრობდა. საარქივო ვიდეომასალა თავად სააკაშვილს უდევს Youtube-ის გვერდზე. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ ჰესების მშენებლობა არა მხოლოდ სამუშაო ადგილებს შექმნის, არამედ ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანს და ელექტრო ენერგიის იმპორტში ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებზე არ იქნება დამოკიდებული. ამავე წელს, ჭუბერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ახსენებს ნამახვანჰესსაც, რომლის მშენებლობის დაწყებაც მიხეილ სააკაშვილისთვის ნაციონალური სიამაყის სიმბოლო იყო.
სააკაშვილის დღევანდელ რიტორიკას არ ეთანხმებიან ექსპერტები.