ხალხის სიმრავლეს ზოგადად დემოკრატიულ საზოგადოებაში აქვს კიდეც მნიშველობა და არც აქვს. ერთია, რომ როდესაც ვინმე პროტესტს გამოთქვამს, ცხადია მთავრობამ უნდა უსმინოს ამ პროტესტს და გაითვალისწინოს ხალხის წუხილი რაც არის ხოლმე, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენს ქვეყანაში როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია საუბრობს ხალხის პროტესტზე, ამის უკან დგას მაინც რევოლუციის სურვილი და მთავრობის რევოლუციური ცვლილება, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოს მჭედლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ის ხალხი, რომელიც გადის საპროტესტო აქციებზე, მათდა სამწუხაროდ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაიმე რევოლუციური ცვლილება მოხდეს ქვეყანაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ მართლა აიღო საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმა არჩევნებში და ჩვენ ეს დავინახეთ, რა თქმა უნდა ეს 40%-ზე მეტია, მაგრამ ეს არ იყო ხალხის დაკვეთა, რომ რევოლუცია მოხდეს. ხალხის დაკვეთა იყო, ოპოზიციის პარლამენტში მუშაობა და იმ ალტერნატივის დანახება მთლიანად საზოგადოებისათვის, რა ალტერნატივაც შეიძლება არსებობდეს ,, ქართული ოცნების" ალტერნატივა: ახალი ეკონომიკური გეგმები, ან თუნდაც რაღაც ახალი საგარეო პოლიტიკაში, მთლიანად სოციალურ პოლიტიკაში ხალხის მიმართ და ა.შ. მაგრამ ის, რომ რევოლუციური გზით მოხდეს ცვლილებები, ეს არ არის ხალხის დაკვეთა. შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ საპროტესტო ელექტორატი, უფრო სწორად ოპოზიციური ელექტორატი, რომელიც ხმას აძლევდა საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს ოპოზიციას, ის არ არის საპროტესტო ელექტორატი. ის საპროტესტო აქციებზე არ გადის. აი, ეს არის სწორედ ის ანალიზი და ის სხვაობა მათ მიღებულ ხმებსა და იმ ხალხს შორის, რომელიც ჰგონიათ, რომ უნდა იყვნენ აქციებზე“, - განაცხადა ნიკოლოს მჭედლიშვილმა.