ნიკა მელიას მანამდეც ჰქონდა შეფარდებული ბევრი შეღავათიანი სასჯელი, მათ შორის გირაო და ელექტრონული სამაჯური, ისევ გირაო, მას შემდეგ რაც ცინიკურად დაარღვია სამაჯურის ტარების წესი, თუმცა როდესაც მან ეს გირაო არ გადაიხადა, სახელმწიფო იძულებული იყო მისი პატიმრობა განეხორციელებინა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლაცაა ახალი შეთავაზება, თუკი ის გადაიხდის გირაოს, მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება შეეცვლება გირაოთი.
„ეს არაა ვადით განსაზღვრული, როცა გადაიხდის, ეს იქნება ერთი საათი, ერთი დღე თუ ერთი თვე, მაშინ შეეცვლება. დარწმუნებული ვარ, ის ისარგებლებს ამ შეთავაზებით. მიუხედავად სააკაშვილის თუ სხვა ლიდერების კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება. რაც შეეხება სააკაშვილს, უკეთესი იქნება თავისი თანაპარტიელების ციხეში გაშვების ნაცვლად, თვითონ ჩამოვიდეს და მოიხადოს ის სასჯელი, რაც მას გამოუტანა სამართლიანმა სასამართლომ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დიალოგისკენ მოწოდებების პარალელურად, არ იცვლება მხარეთა შეხედულებები. ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება, მოთხოვნები იგივეა - რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება. „ქართული ოცნებისთვის“ კი, ეს ულტიმატუმები მიუღებელია.