საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საზოგადოების ყველა წევრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ!
არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ადამიანის პროფესიული საქმიანობა მოგვწონს თუ არა, როგორ ფასდება ის რომელიმე პირის თუ პირთა წრის მიერ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ იძლევა ძალადობის გამართლების არანაირ საშუალებას!“, - წერს მამუკა მდინარაძე.
ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტსა და მისი მეუღლის ნათესავზე. შემთხვევა დღეს წყნეთის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.