გიგი უგულავა:  თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს - ახლა პირდაპირობის დროა!

გიგი უგულავა:  თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს - ახლა პირდაპირობის დროა!

თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, აუცილებელია”.

უგულავას თქმით, ახლა პირდაპირობის დროა.

„ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. თუ მას რამე აწუხებს, გამოვიდეს და თქვას ღიად. მიკიბ-მოკიბვის დრო არ არის. თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას. მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმგებლობას, არჩეულ მერს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ასეთი ამბივალენტური საუბრები; რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ქიციც ვარ და ქიცმაცურიც, ესეც მინდა და ისიც მინდა, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ასეთი საუბრების ფონზე ქვეყანა მიდის სულ უკან და უკან. როცა უნდა ხოლმე ბატონ კახას, სჩვევია ხოლმე პირდაპირობა და პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში ან მოეშვას ამ მიკიბმოკიბულს”,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ახლა საჭიროა პოლიტიკური დისკუსია.

“საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში”,- განაცხადა კალაძემ.