თავად ნიკა მელია და არც მისი მხარდამჭერები არ უარყოფდნენ, რომ ნიკა მელია არღვევდა კანონს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მცდელობა რეალობის შებრუნებისა და შებრუნებული რეალობის წარმოჩენისა, თითქოს, კანონის აღსრულება იყოს კანონდარღვევა და კანონის დარღვევა იყოს კანონმორჩილება.
„ეს არის მცდელობა რეალობის შებრუნებისა და შებრუნებული რეალობის წარმოჩენისა, თითქოს, კანონის აღსრულება იყოს კანონდარღვევა და კანონის დარღვევა იყოს კანონმორჩილება. ამას ვხედავდით ეს დღეები, ამაზე ვსაუბრობდით კიდეც. თავად ნიკა მელია და არც მისი მხარდამჭერები არ უარყოფდნენ, რომ ნიკა მელია არღვევდა კანონს. თავის დროზე იმით, რომ არ აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბოლოს იმით, რომ ხელს უშლიდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. აქ პასუხი არის ნათელი, ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს, ეს არის მთავარი პრინციპი თანასწორობისა კანონის წინაშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.