ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რაც არ უნდა ყოფილიყო მიღებული, ოპოზიციის ნაწილისგან ესკალაციისთვის მზადება ძალიან მაღალი იყო, ამიტომ არჩევანი გაკეთდა სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ის მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება და ის, რაც დილით განვითარდა, სამი ნაწილისგან შედგება: ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში გააკეთოს აქცენტირება სამართლებრივზე და მალე მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ დანარჩენი ორი პუნქტი - პოლიტიკური და საინფორმაციო, ის, რაც ჭარბად არის, შემცირდეს და აქცენტი გადავიდეს სამართლებრივ ნაწილზე, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს ამას. მმართველი ძალა ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.