თქვენ იცით, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში იყო შესული და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოვალე იყო შეესრულებინა ეს გადაწყვეტილება, რაც მათ გააკეთეს კიდეც. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პოლიციელს, რომლებმაც ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულეს ეს გადაწყვეტილება და კანონი აღსრულდა.მადლობა მინდა ვუთხრა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული ოპერაციისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა იწყება მაშინ, როდესაც კანონი არ აღსრულდება. 2 დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღე და სწორედ იმან განაპირობა დამოუკიდებლობის დაცემა, რომა აქ ბოლშევიკური მეხუთე კოლონა და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. დღეს ის დღე აღარ არის, დღეს საქართველოს სახელმწიფო ძლიერია და კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება“, - განაცხადა სოზარ სუბარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.