ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: ჩვენ არ გიჭერთ მხარს, მაგრამ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ვიბრძოლებთ უკეთესი ქვეყნისთვის

ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: ჩვენ არ გიჭერთ მხარს, მაგრამ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ვიბრძოლებთ უკეთესი ქვეყნისთვის

ჩვენ არ გიჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს. ჩვენ ვიბრძოლებთ უკეთესი საქართველოსთვის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

„თქვენგან მინდოდა მომესმინა, რომ იქნებოდით დაუნდობელი კორუფციასთან ბრძოლაში, რომ არ დაინდობდით არცერთ მოხელეს მინისტრიდან დაწყებული, ყველაზე უბრალო ჩინოვნიკით დამთავრებული, მაშინ მოგცემდით ხმას. სულ ორნი ვართ ჩვენი პარტიიდან პარლამენტში, მაგრამ ის ორი ხმაც იქნებოდა ამ მთავრობის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან პოლიტიკაში მიღებული წესია, რომ ოპოზიცია მხარს არ უნდა უჭერდეს რამეს, ასე არ მოვიქცეოდით. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ყოფნა და კრიტიკა, არის ასევე დიდი პატრიოტიზმი. „დაუნდობელი კრიტიკით, ეხმარები ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ფატალური შეცდომები და სწორი კალაპოტი დაიკავოს. ჩვენ ვიქნებით ამით დაკავებულები. ეს ქვეყანა იმსახურებს იმას, რომ აქ ადამიანები იყვნენ რეალიზებულები“, - აღნიშნა ელისაშვილმა.