მინდა მივმართო იმ კონსტრუქციულ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციაში არიან და არ შემოდიან პარლამენტში და ვიცით მათი განწყობები, სხვა პარტიების წარმომადგენლების, მათ დღეს აქვთ რეალური შანსი, რომ მიიღონ მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მან მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური პროცესი, ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში გადმოვიდეს. „რეალური დებატები გავმართოთ იმ ეკონომიკურ გეგმებზე, რომელთაც მე წარმოვადგენ ამ 100 დღის განმავლობაში. ვიმსჯელოთ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ნებისმიერი სექტორი ავიღოთ. ამაზე ვიკამათოთ მეგობრებო, ამაზე ვიმსჯელოთ.
ეს გაუთავებელი დაპირისპირება, გაუთავებელი ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება არავის სიამოვნებს. მაგრამ როცა თავს გესხმიან, გაბრალებენ ყველაფერს, გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, რაღაც აბსურდული ბრალდებებით, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, რომ უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე ასეთი ბინძური ბრალდებები და ცილისწამება. ეს კარგადაა გათვლილი და მათ იციან, რომ ეს მოსახლეობისთვის აუტანელია. ამიტომ ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.