მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ზოგიერთი შეიძლება გულწრფელად არის შეწუხებული, რომ აქ მიმდინარეობს რაღაც გამოძიება. რა თქმა უნდა, ისინი დეტალებს არ იცნობენ, არ იციან რეალური საფუძველი და შინაარსი ამ საქმეების, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2019 წლის ივნისში მმართველმა გუნდმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.
„საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან - ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც სასამართლომ უკვე გამოაცხადა დამნაშავედ. კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რომელი პარტიის? რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ. ერთადერთი მოტივით - რომ რამენაირად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმი მოხდა 2019 წლის ივნისში. რატომღაც დაშავდა 80-ზე თუ 100-ზე მეტი პოლიციელი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ზოგიერთმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სინანულით აღვნიშნო ეს ფაქტი. მაგრამ მეორე მხრივ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, შტურმის ორგანიზებით საკანონმდებლო ორგანოს აღების მცდელობასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც მაშინ მმართველ გუნდს საუბრები ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ დასვეს კითხვა, თუ როგორი რეაგირება მოჰყვებოდა აშშ-სა და ევროპაში მსგავს მცდელობებს და მაგალითად აშშ-ში, კაპიტოლიუმზე შტურმის მაგალითი მოიყვანა.
„ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა. ჩვენ ვერ გავცემთ ინდულგენციებს და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბის და რა თქმა უნდა, ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, არ იქნება კანონი, არ იქნება კონსტიტუცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.