კარგად მოგვეხსენება, რომ ქვეყანაში ეკონომიკაც და პოლიტიკაც პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ. განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესთან, მოქალაქეებთან. სახელმწიფოს, ბიზნესსა და მოქალაქეებს ძალიან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა სჭირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეულმა ბიზნესმენმა და ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ სტაბილურ გარემოში ცხოვრობს, სადაც მოულოდნელ და ვითარების გამაუარესებელ მოვლენებს ადგილი არ ექნება.
„ბიზნესმენმა და ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ გვერდით იდგება და ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. სტაბილურობა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორად დაგეგმოს და გათვალოს ნაბიჯები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მართლაც გამოკვეთილია სტაბილურობა და თავისუფლება. ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაერთი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომსწრენი გავხდით. ეს იმ უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომელიც სხვადასხვა ადამიანის მმართველობამ განაპირობა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.