რადიკალური ოპოზიცია 25 თებერვლის აქციის გადადებას მოლაპარაკების სურვილით ხსნის

რადიკალური ოპოზიცია 25 თებერვლის აქციის გადადებას მოლაპარაკების სურვილით ხსნის

ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ 25 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გადადება მათი მხრიდან, დიალოგისთვის გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე არ დათანხმდებიან.

„ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად. თუ ხელისუფლება გადადგამს უგუნურ ნაბიჯს და „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე შტურმს მოიტანს, ამისთვის ვემზადებით და ყველა კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრების უფლება. 25 თებერვლის აქცია შეგნებულად გადავდეთ და ხელისუფლებას მივეცით კიდევ ერთი საშუალება, რომ დაფიქრდეს და დროულად წამოვიდეს დიალოგზე. თუ მოლაპარაკება და შეთანხმება არ შედგება, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ჯერჯერობით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდასთან არ მოდის“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

„ევროპულ საქართველოშიც“ აცხადებენ, რომ მათ მოლაპარაკებები სურთ, თუმცა კვლავ „მწვავე, მაგრამ მშვიდობიან“ აქციებზე საუბრობენ.

„ეს ნაბიჯი კონსულტაციებისთვის გადავდგით. თუ არსებობს შანსი, რომ ოდნავ მაინც მოვიდეს გონს ჯგუფი, რომელიც ივანიშვილს შემორჩა, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. მწვავე, მაგრამ მშვიდობიანი აქციები არის ლეგიტიმური იარაღი ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაშიც. მხოლოდ ამ კონტექსტის გამო გადავდეთ 25 თებერვლის აქცია“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

იგივეს ამბობენ „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.

„ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ მეტი სივრცე დავუტოვოთ ხელისუფლებას მოლაპარაკებებზე წამოსვლისა და კომპრომისისთვის. ეს არ გამომდინარეობს ოპოზიციის სისუტიდან, პირიქით - ოპოზიცია არის ერთიანი იმ ნაწილში, რომ ელჩების ფასილიტაციით, ოთხ პირობაზე შევთანხმდით“ - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.