ამ გუნდს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელმაც უშუალოდ თვითონ მოაწერა ხელი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და რომელის სახელთანაც დაკავშირებულია არაერთი პროგრესული რეფორმა, შესწევს უნარი, რომ ის ხედვები და ამბიციური გემები, რაც წარმოადგინეს, სრულად განახორციელოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ.
„ირაკლი ღარიბაშვილს ექნება ჩვენი გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა. სამთავრობო გუნდს და პროგრამას ექნება მხარდაჭერა. ჩვენ ასევე შევხვდებით ასი დღის თავზე იმისთვის, რომ რაც მან განაცხადა, ამბიციური გეგმა კიდევ უფრო დეტალურად, ათწლიან ამბიციურ გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვები მოვისმინოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.