ჩვენ გვაქვს უნიკალური პერიოდი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 8-წლიანი პერიოდი იყო ის უნიკალური გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონდა, არც დესტაბილიზაცია და არც რამე მნიშვნელოვანი საფრთხე შეგვხვედრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში რამე სახის დესტაბილიზაცია მოახდინოს.
„ამას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და ამას ჩვენ მტკიცედ დავიცავთ. ამიტომ ყველა ის დესტრუქციული ქმედება, რომელთანაც გამკლავება გვიწევს, პირდაპირ არის ჩვენი მტრის ინტერესებში. აქ ჩვენი მტრის ინტერესები ემთხვევა დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებს. სხვათა შორის, ამავე კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ თუ კარგად გადახედავთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, თქვენ დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასა და ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას ალტერნატივა არ აქვს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში რამე სახის დესტაბილიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც ძალიან მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.