მოვუწოდებ ჟიგიმანტას პავილიონისს და მის მეგობრებს დესტრუქციული ოპოზიციიდან, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ოკუპაციასთან დაკავშირებით მიუღებელი განცხადებები

მოვუწოდებ ჟიგიმანტას პავილიონისს და მის მეგობრებს დესტრუქციული ოპოზიციიდან, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ოკუპაციასთან დაკავშირებით მიუღებელი განცხადებები

მინდა შევუერთდე ბატონ მამუკას პათოსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს, დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები, - ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მთავრობის ახალი კაბინეტის მოსმენაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი განსაკუთრებით გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთი-ერთი პირის ასეთი განცხადებები სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ამ ადამიანსა და მის მეგობრებს, დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისა და მთავრობისთვის ამ ადამიანის განცხადებები არაფერს ნიშნავს.

მე ამ ადამიანსა და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არჩეულია ჩვენი მოსახლეობის მიერ. მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა ნდობა და მესამედ მანდატი მოგვანიჭა, რათა ჩვენი ქვეყნის მართვა გავაგრძელოთ. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, რომ მოგვიწოდონ რაღაც ასეთი გაუგებარი, უსამართლო განცხადებებით. ემოციების გარეშე არ შემეძლო ამ მიუღებელი ფაქტის უყურადღებოდ დატოვება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლიეტუვის სეიმის წევრი საქართველოში 20 თებერვალს ჩამოვიდა. ვიზიტის პირველივე დღეს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. იმავე დღეს, ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძესაც შეხვდა.

„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, - განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.