როგორ ფიქრობთ დავით გარეჯთან დაკავშირებით სადემარკაციო კომისიის მუშაობის გაგრძელებას იმგვარად, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს? - ამ კითხვით პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
მათიკაშვილი დავით გარეჯის თემას შეეხო და პრობლემის მოსაგვარებლად შეტანილი წვლილისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
„ათწლეულების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქრთველოს სახელმწიფო საზრღვრებში მოქცეული არ იყო და ჩვენ ამას უნდა შევგუებოდით. თქვენ მიერ გაწეულმა შრომამ, ღვაწლმა დაამტკიცა აბსოლუტურად საპირისპირო და ამის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს. მე აღარ ჩავუღრმავდები დეტალებში, თუმცა არ შემიძლია, არ ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დავით ხიდაშელს განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო, რადგანაც ადამიანმა, რომელსაც სხვა არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გარდა პატრიოტული გრძნობისა და სამშობლოს სიყვარულისა, უდიდესი შრომა გასწია და ჩვენს სამშობლოს გადასცა ის კარტოგრაფიული მასალა, რომელიც არა მხოლოდ დავით გარეჯის, არამედ სრულიად საქართველოს საზღვრების დემარკაციის პროცესში ჩვენს მხარეს ძალიან წაადგება, რადგან დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სწორედ ამ საზღვრებშია ცნობილი.
მინდა, დემარკაციის პროცესის საკითხზე გკითხოთ, ბატონო ირაკლი, რამდენად გაამყარა ჩვენი პოზიციები კომისიაშია ბოლო მოვლენებმა, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებით მოხდა და ჩვენს მეგობარ, მეზობელ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან, როგორ ფიქრობთ ამ კომისიის მუშაობის გაგრძელებას იმგვარად, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.