ჩვენი გუნდის ერთიანი პროგრამა არის, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და იმედი მაქვს, თქვენ იქნებით ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ განაცხადს ხელს მოაწერს, - ასე მიმართლა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მთავრობის ახალი კაბინეტის მოსმენაზე.
დეპუტატი დაინტერესდა, როგორ ესახება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ევროკავშირში ასოცირებისთვის მოსამზადებელი რეფორმების გატარება პოსტპანდემიურ რეალობაში.
„ამავე დროს იმისთვის, რომ ეს განაცხადი იყოს სერიოზული, საჭიროა ორი კრიტერიუმი: ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა. საბოლოო ჯამში ეს იქნება ორის საზომი, რომლითაც ჩვენ ჩვენი თავი უნდა გავზომოთ და ჩვენი ევროპელი კოლეგები გაგვზომავენ. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ პანდემიაა და მისი გადავლის შემდეგაც გვექნება პოსტპანდემიური მდგომარეობა, თქვენ როგორ ხედავთ, რამდენად შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ჩვენ ერთი მხრივ, ეკონომიკური განვითარების და მეორე მხრივ, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის კუთხით მიგვიყვანს იმ საზომზე, რომ ჩვენ თამამად გავაკეთოთ ეს განაცხადი. რა არის თქვენთვის ის შუალედური მიზნები და საზომები, რომლითაც თქვენ თქვენი მთავრობის წარმატებას გაზომავთ ამ მიმართულებით?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.