უკრაინული გამოცემა „Європейська правда“ სტატიას აქვეყნებს სათაურით „სააკაშვილის ახალი მარცხი: რატომ არ იმუშავა ქართული ოპოზიციის ულტიმატუმმა“.
გამოცემის რედაქტორი, იური პანჩენკო აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლეს თავიანთი ულტიმატუმის განხორციელება, კერძოდ, იმის მიღწევა, რომ ოპოზიციის გარეშე პარლამენტს ქვორუმისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატი არ ჰქონოდა და იძულებული გამხდარიყო, ვადამდელ არჩევნებზე წასულიყო.
„გარდა ამისა, ოპოზიციის ულტიმატუმს მხარი არც ევროკავშირმა და არც აშშ-მა არ დაუჭირა. არჩევნებში ფალსიფიცირების წინააღმდეგ აქციები არც თუ ისე მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაზე გავლენა მოეხდინა. თუმცა, ერთპარტიული პარლამენტის შექმნის საფრთხემ, შესაბამისი საიმიჯო შედეგებით, ხელისუფლება დაძაბა. ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან კონსულტაციებს აგრძელებდნენ და ყველა გზის გამონახვას ცდილობდნენ, რათა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დარჩენილიყო. მათ ეს შეძლეს“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნაში მონაწილეობა 96-მა დეპუტატმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავისი პროგრამა-მინიმუმი შეასრულა - ბრალდებები ხელისუფლების მონოპოლიზირების თაობაზე უსაფუძვლოა.
„ეს სააკაშვილის მოკავშირეებისთვის ძლიერი დარტყმა შეიძლება იყოს. ბოიკოტის ინიციატორის სტატუსი მათ საშუალებას არ აძლევს პარლამენტში სახის დაკარგვის გარეშე დაბრუნდნენ. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობა დასავლეთთან. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების კრიტიკამ აშკარად არ განამტკიცა პარტიის საერთაშორისო პოზიციები. ამავე დროს, ხელისუფლებასთან სასტიკმა დაპირისპირებამ არ გამოიწვია რეიტინგების ზრდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე პარლამენტის მშვიდმა მუშაობამ საბოლოოდ შეიძლება ბოლო მოუღოს სააკაშვილის რეიტინგს, თუ ხელისუფლება ისეთ შეცდომებს არ დაუშვებს, რაც მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამოიწვევს“, - აცხადებს სტატიის ავტორი.