მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ერთმანეთს აბულინგებენ, რათა ვინმეს არ წამოსცდეს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, არადა, არავის აქვს თავი, შემოვიდეს და კომისიის მუშაობაში ჩაერთოს

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ერთმანეთს აბულინგებენ, რათა ვინმეს არ წამოსცდეს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, არადა, არავის აქვს თავი, შემოვიდეს და კომისიის მუშაობაში ჩაერთოს

ოპოზიციაში აბულინგებენ ერთმანეთს, რათა ვინმეს არ წამოსცდეს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, არადა არავის არ აქვს თავი, შემოვიდეს, კომისიის მუშაობაში ჩაერთოს და დაამტკიცოს თუნდაც 1%-იანი სიყალბე. ვერ დაამტკიცებენ, იმიტომ, რომ სიმართლე ამაში არ არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს და თუ გაყალბებას ვერ დაადგენს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

„ჩემი აზრით, ბოლო წლების ყველაზე დიდი აფიორაა ქართველ ხალხს დააჯერო ან ამის მცდელობა გქონდეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ ეს ნარატივი 1%-ით მაინც სჯერათ, თავად შემოვიდნენ, გამოიძიონ და თავად დადონ იურიდიული საფუძველი იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები არათუ ტოტალურად, არამედ 1%-ით მაინც გაყალბდა. ამის თავი არავის არ აქვს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იყო. დღეს დავაინიცირეთ კონკრეტული პროექტი, რომლის მიხედვითაც იქმნება შესაბამისი კომისია. კეთილი ინებონ, მოვიდნენ, მიიღონ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. თავადვე გამოიძიონ, ასეთი ხარვეზი ან გავლენა არჩევნებზე დაადგინონ ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ. „გაყალბებული არჩევნები“ გახდა მთავარი ნარატივი, რომლის იგნორირებაც ღალატად შერაცხეს და შეუფასეს ერთმანეთს. როგორც კი დღეს რომელიმე ოპოზიციონერი იტყვის, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეიძლება კითხვის ნიშნები ჰქონდეს და ეს ასე არ არის, ის არის ოპოზიციის თვალში მოღალატე, რაც არის ბულინგი“,- განაცხადა მდინარაძემ.