არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების გატარება უზრუნველყო, რომელიც ჩვენ მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკური გაგრძელებაა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების გატარება უზრუნველყო, რომელიც ჩვენ მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკური გაგრძელებაა

საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების გატარება უზრუნველყო, რომელიც ჩვენ მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკური გაგრძელებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიშს წარადგენს.

„2020 წელს არსებითად პროპორციული, ხოლო 2024 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, თანაბარი წვდომა მედიაზე და საარჩევნო კამპანიის გაუმჯობესებული წესები - ეს ის ცვლილებებია, რომლებიც პარლამენტმა გასულ წელს შეიმუშავა და მიიღო. ამ ცვლილებების პროგრესულობა დაასაბუთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგადაც, საქართველოს პარლამენტში შესასვლელად ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და პირველად, უახლეს ისტორიაში, საქართველოს პარლამენტში შესვლის მანდატი ოპოზიციის 60-მა წარმომადგენელმა მოიპოვა. გაიზარდა პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობაც. გაფართოვდა ოპოზიციის უფლებები.

გასულ წელს დაძაბული პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა ოპოზიციასთან, რომელიც მძიმედ გვაკრიტიკებდა და საზოგადოებას უმტკიცებდა იმას, რომ პლურალისტული და მრავალპარტიული პარლამენტის მისაღწევად აუცილებელი იყო სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება არა 2024, არამედ 2020 წელს. ეს პროცესი დასრულდა 8 მარტის ცნობილი შეთანხმებით, რომელიც შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ფასილიტაციით. ვისარგებლებ მომენტით და მადლობას გადავუხდი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს და ევროსაბჭოს მაშინდელ წარმომადგენელს საქართველოში კრისტიან ურსეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მუშაობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.