დღეს განხილვის საგანი იყო მიხეილ სააკაშვილის 2007 წლით დათარიღებული ინტერვიუ, როდესაც მან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა საზღვართან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწია.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოჰყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს. აქაა ორი საკითხი. ერთია სტრატეგიული სიმაღლის საკითხი, რომელსაც აზერბაიჯანისთვის სამხედრო მნიშვნელობა აქვს, მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ, გარეჯის მონასტერი, რომელიც არსი უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი“ - აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის მაისში.
სააკაშვილის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებენ უმრავლესობაში, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საზღვარი სტრატეგიულ სიმაღლეზე, ანუ ქედზე ისე გაივლოს, რომ ამავე ქედზე მდებარე ჩიჩხიტურის კოშკი და მით უფრო - ქედს მიღმა არსებული უდაბნოს მონასტერი, 70-მდე ქვაბულით, საქართველოს ტერიტორიაზე მოექცეს.