თენგიზ ცერცვაძე: თუ პირბადეს ვატარებთ, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ

თენგიზ ცერცვაძე: თუ პირბადეს ვატარებთ, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღაზე საუბრისას.

მისივე თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და არა ხელაღებით.

„მესამე ტალღა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე ,რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას. თუ შეზღუდვების მოხსნა მოხდება ეტაპობრივად და არა ხელაღებით, როგორც ამას მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს, პროცესი არ გართულდება.

მთავრობა ჯერჯერობით თავის თავში ნახულობს ძალას, არ აჰყვეს ამ პოპულისტურ მიდგომებს და ერთიანად არ მოხსნას მოთხოვნები. შეზღუდვები იხსნება ძალიან სერიოზული მიდგომით. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში რჩება შედარებით მკაცრი შეზღუდვები, თუ ასე გონივრულად გაგრძელდა და თუ ჩვენი მოსახლეობა ისწავლის და შეინარჩუნებს პირბადის ტარების თვისებას, სავარაუდოდ მესამე ტალღა საერთოდ არ გვექნება.

ის მესამე ტალღა, რასაც ევროპაში აანონსებენ და უკვე იღებენ ზომებს, არანაკლებ რთული იქნება. არავის არ დაუჯეროთ, რომ სადმე ამაზე ნაკლებად მკაცრია შეზღუდვები, პირიქით. მათაც უმძიმესი კლინიკური მდგომარეობა აქვთ. კლინიკური სექტორი ჩვენთან იდეალურად იმართება. ისე გამოსწორდა ყველაფერი, ერთის ნაცვლად 4 ექიმი რეკავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში 259 209 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 250 289, ხოლო 3 208 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.