ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სასამართლოს ვერდიქტამდე არ ვაპირებდი მელაშვილ-ილიჩოვას საქმის შესახებ რამე დამეწერა. ჩემი დამოკიდებულება მელაშვილის პოზიციის მიმართ უკვე დავაფიქსირე, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ.
თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულმა რეპორტაჟმა მოქალაქეობრივად მაიძულა დავბრუნებოდი თემას. ამ რეპორტაჟში მოყვანილი მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის ინტერვიუ, საკმაოდ საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ის უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში და სასაზღვრო ტერიტორიების გასხვისების პასუხისმგებლობა მასზე უფრო მეტად მოდის, ვიდრე კომისიის წევრებზე, რომლებიც, როგორც ფარული ჩანაწერებიდანაც ჩანს „ზემოდან“ მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ.
ამ ინტერვიუში სააკაშვილი აღიარებს, რომ სწორედ ის მოურიგდა აზერბაიჯანულ მხარეს უდაბნოს მთის თხემზე არსებულ სტრატეგიული სიმაღლის გადაცემის თაობაზე, რომელიც მისივე სიტყვებით აზერბაიჯანს „ძალიან სჭირდებოდა.“ შედეგი დადგა ის, რომ ამ თხემის გადაღმა მდებარე ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს ტერიტორიაზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სწორედ 2007 წლიდან, ანუ ამ „მორიგების,“ თუ რაც შეიძლება ვუწოდოთ, შემდეგ, დავით გარეჯთან მანამდე არსებული „სტატუს-ქვო“ იცვლება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იკავებენ ამ „სტრატეგიულ სიმაღლეს“ და ქართველ სასულირო პირებს უკვე ეკრძალებათ სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონაკვეთზე გადაადგილება.
საბედნიეროდ, ამ ჩვენთვის საზიანო „მორიგების“ ფორმალიზაცია ვერ მოესწრო და გვრჩება შესაძლებლობა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები უკვე მოპოვებული ახალი დოკუმენტების საფუძველზე.
1938 რუკის თანახმად საზღვარი უნდა გავლებულიყო არა თხემზე, არამედ თხემის ძირში, რაც საქართველოს ფარგლებში აქცევდა უდაბნოს ტერიტორიას და მასზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსს“.