ჩვენ რომ სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო, ვიქნებოდით იმ საბოტაჟის თანამონაწილე, რასაც ადგილი აქვს ოპოზიციური ჯგუფების გარკვეული ნაწილის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს საბოლოოდ, რომ მოხდეს საბოლოოდ ლუსტრაცია, ვინ ირჩევს დემოკრატიის და ვინ საბოტაჟის გზას.
„ჩვენ ვირჩევთ გზას დემოკრატიისკენ, ქართველი ხალხის ნება არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება და არა რადიკალიზაცია და ან ამ რადიკალიზაციაში მონაწილეობა, ჩვენ რომ სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო, ვიქნებოდით იმ საბოტაჟის თანამონაწილე, რასაც ადგილი აქვს ოპოზიციური ჯგუფების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ამას ემატება ისიც, რომ მთელი რიგი პოლიტიკური ჯგუფები ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვთხოვენ, რომ არ მივიღოთ ის გადაწვეტილება, რაც უკავშირდება მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ თვითონ ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ, რომ მოხდეს საბოლოოდ ლუსტრაცია, ვინ ირჩევს დემოკრატიის და ვინ საბოტაჟის გზას. თვითონ უნდა გაერკვნენ ერთმანეთში, იზიარებენ თუ არა ერთიან ოპოზიციურ სულისკვეთებას. ფაქტია, რომ არ იზიარებენ. უმეტესობა ამბობს უკვე შეფარულად თუ ღიად, რომ მათთვის მიზანშეწონილია არ მოხდეს უფლებამოსილების შეწყვეტა, ვინაიდან ამით დარჩეს რესურსი მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტი საკითხს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს.