გარეჯი საქართველოა და ეს დამტკიცებულია კონკრეტული რუკით, კონკრეტული მტკიცებულებებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დაცვის სტრატეგიის არჩევა, რომ გარეჯი საქართველო არ არის და აქედან გამომდინარე მელაშვილისთვის სხვა ადამიანები არ არიან დამნაშავეები და დაზღვევა, ამ დანაშაულის შემკვეთი ადამიანების ამ გზით - მტრული მოქმედებაა.
გარეჯი საქართველოა და ეს დამტკიცებულია კონკრეტული რუკით, კონკრეტული მტკიცებულებებით და მდინარის საწინააღმდეგოდ სვლა და ცურვა, სადაც მტრული მოქმედება იკვეთება ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაზემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას.
„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.