თეა წულუკიანის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული ცვლილებები დიდი ხანია, მზადაა, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტმა ის ცალკეული ძალების პოზიციის გამო ვერ მიიღო

თეა წულუკიანის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული ცვლილებები დიდი ხანია, მზადაა, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტმა ის ცალკეული ძალების პოზიციის გამო ვერ მიიღო

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვისას, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს პროექტი, დიდი ხანია, მზად არის.

„ეს პროექტი, დიდი ხანია, მზად არის, მაგრამ წინა მოწვევის პარლამენტში მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ ძალები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არავითარი სიფრთხილე საჭირო არაა და ითხოვდნენ სრულფასოვან პაკეტს ე.წ. ლიბერალიზაციისა და ზოგ შემთხვევაში ლეგალიზაციის ელემენტებითაც, რაც ჩვენი ჯგუფისთვის მაშინ მიუღებელი იყო, რამდენადაც ჩვენ ვემხრობოდით თანდათანობით ლიბერალიზაციის პოლიტიკას, რაც გულისხმობს ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ ურთულეს ნაბიჯს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დოკუმენტის თანახმად, შერჩეულია რვა ნივთიერება მათი დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას გაითვალისწინეს აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ოდენობის საზომად აღებულია ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.