ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხდა. გიორგი გახარიას თქმით, დღეს მთავრობა ეპიდვითარებას სრულად მართავს.
„ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ვმართავთ დღეს ვირუსს“, - განაცხადა გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის 258 351 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 249 709. გარდაიცვალა 3 194 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 474, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 676. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 268 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.