დავით გარეჯი არ უნდა იყოს პროპაგანდის ნაწილი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ბატალიებში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
„ხელისუფლება ერთი მხრივ გვიმტკიცებს, რომ ხელში აქვს რაღაც რუკა, რაღაც მტკიცებულება, რომელიც სამართლებრივადაც აგვარებს უკვე ამ პრობლემას, ხოლო მეორე მხრივ წლებია არაფერს აკეთებს ამისთვის და ამბობს, რომ რაღაც რუკა ჰქონდა ე.წ. ჯოკრად ხელში, მაგრამ ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგა ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ პროპაგანდისთვის, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყენებს ამას. დავით გარეჯი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ორგანული, განუყოფელი ნაწილი და არ უნდა იყოს პროპაგანდის ნაწილი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ბატალიებში“, - განაცხადა ობოლაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაზემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას.